28.01.2012

 

 

 

 

პირველი გამარჯვება ”ბენდელაზე”

 

 

 

 

 

გრძელდება ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი. საღორიის საწვრთნელ ბაზაზე დღეს გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მეორე გუნდმა ადგილობრივი "ტორპედოს" დუბლიორები 2-1 დაამარცხა.

 

მიმდინარე წლის რიგით პირველი იმერული დერბი, ვეტერინარებთან გამართული წინა შეხვედრის მსგავსად, ზემოიმერლებმა ისევ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარეს.

სასიამოვნოა, რომ შეხვედრის 32-ე წუთზე ზესტაფონელთაგან თავი სწორედ გასინჯვაზე მყოფმა ფეხბურთელმა გამოიჩინა - მაჭავარიანმა სტუმრები დააწინაურა.

36-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ქუთაისელმა მარკოზაშვილმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.

67-ე წუთზე ზესტაფონელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ - ამჯერად ზესტაფონელთა რიგებში გატანილი გოლით თავი კიდევ ერთმა დებიუტანტმა ტუკვაძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს ტორპედოელმა გავაშელიშვილმა "პრესტიჟის" გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მარგველებს დარჩათ - 1-2.

„ზესტაფონი“: პეტრიაშვილი (გიორგაძე, 46), თედო გრიგალაშვილი, ტყეშელაშვილი, რობაქიძე, გრიგოლაშვილი, სტეფანია (ჩინჩალაძე, 28 (ტუკვაძე, 58)), ფირუზაშვილი (ღირდალაძე, 72), გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, სულაბერიძე (ეგუტიძე, 46), მაჭავარიანი (კირვალიძე, 39 (ჭეიშვილი, 78)).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005