ერთ დღეში გადაკვეთილი ევროპა და კარგად ნაცნობი ანდალუსია
2012 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, სტამბოლის გავლით, მალაგაში ჩაფრინდა. მალაგას საერთაშორისო აეროპორტიდან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ზესტაფონელები დანიშნულების ადგილას, ქალაქ ესტეპონაში ჩავიდნენ ...
უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლიდან მალაგას მიმართულებით ქართული დელეგაციის გადაფრენა თურქეთის დასავლეთ ნაწილში მოსული დიდთოვლობის გამო 2 საათით გადაიდო, მაგრამ, თუ არ ჩავთლით რეისის დაგვიანებით გამოწვეულ დისკომფორტს, მთლიანობაში მგზავრობამ "თავგადასავლების" გარეშე ჩაიარა.
ევროპის ერთი ბოლოდან მეორეში გადაფრენისა და მალაგადან ესტეპონამდე ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კარგად ნაცნობ სასტუმრო ”H10 Estepona Palace”-ში დაბინავდა. იმერელთა გარდა, ამ სასტუმროში ცხოვრობენ და სეზონის განახლებისათვის ემზადებიან ლიტვური ”ეკრანასი” და ნორვეგიული ”სტრომსგოდსეტი”, ამ დღეებში მათ პოლონური ”ლეხიც” შეუერთდება.
დღესვე ზესტაფონელებმა წლევანდელ ესპანურ შეკრებაზე პირველი ვარჯიშიც გამართეს. გუნდმა ესტეპონას მახლობლად მდებარე სპორტკომპლექს ”Doña Julia"-ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. გია ჭიაბრიშვილის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული ოცდახუთიდან 23 ფეხბურთელი გახლდათ. ზურაბ მენთეშაშვილი და აბაიომი ოვონიკოკო ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ზესტაფონელები 31 იანვარს გამართავენ - ქართველთა მეტოქე უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დნეპროპეტროვკის ”დნიპრო” იქნება. მატჩი მარბელიას საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება.
|