27.01.2012

 

 

 

 

გია ჭიაბრიშვილი: "არ მინდა, სუსტებში ძლიერები ვიყოთ,

მინდა, ძლიერებში გამოვირჩეოდეთ"

 

 

 

 

 

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. მარგველები ესტეპონაში დაბინავდებიან და "მარბელას თასის" პრესტიჟულ ტურნირშიც ითამაშებენ. ჩემპიონთა ბანაკში სეზონთაშორის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდში გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უაღრესად პერსპექტიული ბიჭებიც გამოჩნდნენ. "ზესტაფონის" ახალგაზრდა დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა კი უკვე თქვა თავისი სიტყვა თანამედროვე ქართულ ფეხბურთში. გუშინ "ოლიმპი" ჭიაბრიშვილს შეეხმიანა და ესპანური შეკრების გარდა სხვა არაერთ საინტერესო საკითხზეც ესაუბრა.

 


- მოდით, თავდაპირველად მზადების პირველ ეტაპსა და ესპანურ შეკრებაზე ვთქვათ...
- მზადების პირველი ეტაპი ზესტაფონში გვქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მისი მსვლელობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას.
როგორც იცით, გუნდი მომხადების მეორე ეტაპის გასავლელად ესპანეთში მიემგზავრება. ამ შეკრებას კონკრეტული მიზანი აქვს - კიდევ უფრო უნდა დალაგდეს გუნდის თამაში, დაიხვეწოს სათამაშო კავშირები, რიტმში უნდა ჩავჯდეთ. როგორც იცით, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ძლიერ გუნდებთან ვისპარინგოთ და ასე დავინახოთ ხარვეზები. როგორც იცით, ესპანურ შეკრებაზე რამდენიმე მატჩს გავმართავთ. პრაქტულად გადაწყვეტილია, რომ 31 იანვარს დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" გვექნება ამხანაგური შეხვედრა. თუ მაინც მოხდა ისე, რომ მეტოქე შეიცვალა, მაშინ "დნიპროზე" არანაკლები გუნდი გვეყოლება მოწინააღმდეგედ. ამის შემდეგ "ზესტაფონი" ჩაებმება "მარბელას თასის" გათამაშებაში. ჩვენი პირველი მეტოქე ყაზანის "რუბინი" იქნება. ჩინურ "გუანჯოუს" აღარ ვეთამაშებით. გააჩნია, რას ვიზამთ ამ მატჩში. შემდეგი თამაში გვექნება რუმინულ "ტიმიშუარასთან" ან პოლონურ "ლეხთან". ამის შემდეგ კიდევ ერთ მატჩს გავმართავთ "მარბელას თასის" პროგრამით. ესპანური შეკრება 9 თებერვალს მორჩება. 10-ში უკვე თბილისში ვიქნებით. 12 თებერვალს გუნდი ზესტაფონში შეიკრიბება და გადავა "ბაიასთან" წინასამატჩო სამზადისზე.


- "ზესტაფონში" ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. როგორ შეეწყვნენ ისინი გუნდს?

- ახალშვეულების შესახებ საკუთარი აზრი გვქონდა. ისინი კლუბში შემთხვევით ნამდვილად არ მოგვიყვანია. ისინი ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე რისი დანახვაც გვინდოდა ახალწვეულების მხრიდან, ყველაფერი დავინახეთ. ეს ფეხბურთელები მზად არიან, სრულფასოვნად შეცვალონ მოთამაშეები, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.


- როგორია ტრავმირებული ფეხბურთელების, გიორგი ხიდეშელისა და აბაიომო ოვონიკოკოს მდგომარეობა, შეძლებენ ისინი ესპანეთში თამაშს?
- გიორგი ხიდეშელი ესპანეთში სრული დატვირთვით ივარჯიშებს. სათამაშო დრო მას ჩვენი გუნდის მიერ გამართულ მატჩებში აუცილებლად მიეცემა. შეიძლება ბოლომდე არ დავტვირთოთ და მატჩის კონკრეტული მონაკვეთი ვათამაშოთ, რადგან თამაში მაინც თამაშია და ვარჯიშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რაც შეეხება ოვონიკოკოს, მას თებერვლის ბოლოს ველოდებით მწყობრში. სწორედ ამ დროისთვის იქნება იგი მზად სათამაშოდ, თორემ თავადაც იცით, რომ უკვე ვარჯიშობს.


- "ზესტაფონმა" სატრანსფერო მატჩამდე გვარიანად იაქტიურა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას მუდმივად სჭირდება სრულყოფა. ესპანეთში უცხოელი ფეხბურთელების დამატებას ხომ არ აპირებთ?
- მწვრთნელი ყოველთვის ფიქრობს გუნდის გაძლიერებაზე. არ დავმალავ, ესპანეთში ჩვენ არ მივდივართ ახალი ფეხბურთელების საძებრად. მივდივართ სათამაშო კავშირების დასალაგებლად, მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გააძლიერებს, აუცილებლად ვიფიქრებ მის დამატებაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ილია კოკაიას სრული მხარდაჭერა გვაქვს. თუ ვინმე გაგვაძლიერებს, მას აუცილებლად დავიმატებთ. ლეგიონერებთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს - ის ქართველ ფეხბურთელს მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს.


- ნიკა გელაშვილს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "ზესტაფონთან", თუმცა ის თავისი სურვილით არ მოდის ესპანურ შეკრებაზე. რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ გელაშვილმა სასურველი გუნდი ვერ იპოვა?
- სანამ შეკრების პირველ ნაწილს დავიწყებდით, ველაპარაკე ნიკა გელაშვილს, გავარჩიეთ ყველა საკითხი. მას აქვს სურვილი და ამბიცია, რომელიმე ძლიერ უცხოურ ლიგაში მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. მე ყოველთვის მაქვს სურვილი, რომ ჩემს გაწვრთნილ გუნდში ითამაშონ კარგმა ფეხბურთელებმა და კარგმა პიროვნებებმა. ნიკა გელაშვილი ერთიც არის და მეორეც. არის მეორე მომენტიც - ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს, რომ "ზესტაფონის" წევრია. ის უნდა "იწვოდეს" გუნდთან ერთად გამარჯვების სურვილით. საქართველოს ჩემპიონობა, ბომბარდირობა, თასი თუ ნებისმიერი ტიტული მისთვის უნდა იყოს მისწრაფება. ამის შემდეგ დგება ევროთასების დრო. ჯერ საშინაო ტურნირებია მოსაგები. გელაშვილს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "ზესტაფონთან" და თუ მან გუნდი ვერ იპოვა, მაშინ ხელს არავინ ჰკრავს. ფაქტია, რომ ის ჩვენთან ერთად არ მოდის ესპანურ შეკრებაზე. არის ერთი მომენტიც: ფეხბურთელი "ზესტაფონიდან" თუ წავა, ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერ გუნდში უნდა წავიდეს, ესეც მნიშვნელოვანია.


- ფაქტია, ბოლო დროს ქართული კლუბები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. ამის მიუხედავად, მოქმედი ჩემპიონი ალბათ რაიმე შინაური ტიტულის მოგებაზე ფიქრობს...
- რა თქმა უნდა, ასეა. პრიორიტეტი კი უდავოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა. ძალიან მიხარია ქართული კლუბები რომ ძლიერდებიან. სხვანაირად ვერც ჩვენ გავძლიერდებით, ერთ ადგილზე გავიყინებით. მე არ მინდა "ზესტაფონი" იყოს სუსტებში ძლიერი, მინდა ძლიერებში ძლიერი ვიყოთ!


- შარშანდელი ევროთასები მართლაც სინანულით გვახსენდება...
- მაშინ ერთი ნაბიჯი გვაკლდა და წელს ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. მიმაჩნია, რომ ახლანდელი გუნდი უფრო ძლიერია მენტალურად. მეტი თვითდაჯერება და გამოცდილება გვაქვს. ბევრად მეტი შანსი გვაქვს წელს ჯგუფში შესვლის. ევროთასებისთვის სამზადისი მაშინვე დავიწყეთ, როცა "ბრიუგესთან" შეხვედრაში დავმარცხდით. ერთი წელი არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და ჯგუფში შევიდეთ.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005