24.01.2012

 

 

 

 

ახალწვეულთა პირველი კომენტარები

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის ახალწვეულები გუშინდელ წარდგენაზე

დავით მუჯირი: მოსამზადებელი ეტაპის საწყის ფაზაში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სეზონს სრულფასოვნად მომზადებულები შევხვდეთ. "ზესტაფონთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემი პირადი ინიციატივაც იყო და ვნახოთ - თუ სამომავლოდ მაღალ დონეზე თამაშისთვის ძალა კვლავ მეყო, კონტრაქტის გაგრძელებაც არ არის გამორიცხული.

ძალიან კარგ დროს მომიწია გუნდში მოსვლამ, ადაპტაციის პერიოდი მოსამზადებელ ეტაპს დაემთხვა. მეგობრული გუნდია, შევეცდებით, ამხანაგური მატჩები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და კარგად შევთამაშდეთ.

კლუბის მიზნები კვლავ მაქსიმალურია: სამივე ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა საქართველოს ჩემპიონატში თამაშის საშუალება. შევეცდები, "ზესტაფონის" წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო.

- წლების წინ თბილისის "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელი იყავით, ახლა კი მის კონკურენტ "ზესტაფონის" ღირსებას იცავთ. ეს გარკვეულ დისკომფორტს ხომ არ შეგიქმნით?
- "დინამოს" ჩემთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ამ გუნდის სიყვარულმა მათამაშა დიდი ფეხბურთი. მოხარული ვარ, რომ თბილისურ კლუბს შეძლებული მეპატრონე გამოუჩნდა და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. "დინამოს" სახით "ზესტაფონს" ძლიერი კონკურენტი ეყოლება..

საერთოდაც, ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის და ეს ძალიან კარგია. ღირსეულ კონკურენციაში გამოვლენილი ჩემპიონი და პრიზიორები ჩვენს ქვეყანას ევროტურნირებზე უკეთესად წარმოაჩენენ. იმედია, სხვა გუნდებიც გაძლიერდებიან. ყველა ქართულ კლუბს წინსავლას ვუსურვებ,

- "ზესტაფონში" საქართველოს ნაკრების მწვრთნელების თვალთახედვის არეშიც იქნებით. ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- საქართველოს ნაკრებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ ასაკის მიუხედავად, ისინი, ვინც კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ იქნებიან მზად. ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებში კიდევ ვითამაშებ.

* * *
აბაიომი ოვონიკოკო: მიხარია, რომ "ზესტაფონში" მოვხვდი. აქაურობა ძალიან მომწონს, კარგი სავარჯიშო პირობებია. გუნდიც მეგობრულია. საბედნიეროდ, ტრავმა მოვირჩინე, ჯერჯერობით სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობ, თუმცა მალე სრული დატვირთვითაც შევძლებ მომზადებას. ვეცდები, ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო და "ზესტაფონს" მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

* * *
გურამ სამუშია: "ზესტაფონი" მოქმედი ჩემპიონია, ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და ასეთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ძნელია, თუმცა ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავეხმარო.

 

დავით კოხრეიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005