ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
მთავარია გუნდი და არა რომელიმე კონკრეტული ტრანსფერი
|
გია ჭიაბრიშვილი მარგველთა პრეზენტაციაზე
|
- სეზონისთვის მზადება 10 იანვარს ზესტაფონში დავიწეთ. მზადების პირველი ეტაპი ნაყოფიერად მიმდინარეობს. აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა. "გაგრასთან" ამხანაგური მატჩი უკვე ჩავატარეთ, 24 იანვარს კი ჩვენს ბაზაზე მარტვილის "მერანს" ვეთამაშებით. 27 იანვარს მივემგზავრებით ესპანეთში, სადაც "მარბელას თასზე" ვიასპარეზებთ.
იმედია, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადებით და სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. მიზნები უცვლელია - ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის, გარდა ამისა, თასზე და სუპერთასზეც ვაგრძელებთ ასპარეზობას და სამივე ტიტულის მოპოვებას შევეცდებით.
ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, მათ გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. საკმაოდ რთული ჩემპიონატი გვაქვს, აქ თამაში იოლი არ არის, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ ჯერ შინაურ ასპარეზზე, შემდეგ კი ევროთასებზეც წარმატებით ვითამაშოთ.
- ახალი სეზონისთვის "ზესტაფონი" საბოლოოდ დაკომპლექტდა თუ კიდევ უნდა ველოდოთ ახლების გამოჩენას?
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის სჭირდება გაძლიერება, თუმცა ამ ეტაპზე განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილი ვართ და ცვლილებებს აღარ ვაპირებთ.
- გელაშვილის წასვლით "ზესტაფონმა" სერიოზული დანაკლისი განიცადა, მის შემცვლელად ვინ გეგულებათ?
- გელაშვილი გუნდის ბომბარდირი იყო და მისი შეცვლა იოლი საქმე არ არის. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მან "ზესტაფონში" თავისი შესაძლებლობები ამოწურა და სურს, ძალები სხვა, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოს.
კლუბმა მისი სურვილი გაითვალისწინა და პრობლემები არ შეუქმნა. გელაშვილს წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ კი შევეცდებით, რომ თავდასხმაში კვლავ შედეგიანად გავისარჯოთ.
- თქვენი კონკურენტების სატრანსფერო პოლიტიკას, ალბათ, თვალყურს ადევნებთ...
- ფაქტია, რომ გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ. ძალიან საინტერესო ფეხბურთელები დაიმატეს "დინამომ", "ტორპედომ", "დილამ" და "ოლიმპმა", მაგრამ ახალი სისხლი ჩვენც გადავისხით. "ზესტაფონისთვის" ყოველთვის გუნდი იქნება მთავარი და არა რომელიმე კონკრეტული ტრანსფერი. ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და ვფიქრობ, ამ შემადენლობით დასახული ამოცანის გადაჭრა შეგვიძლია.
|