13.02.2007

ზურაბ იონანიძის ინტერვიუ.

სხვათა ტრანსფერები არ მაინტერესებს ...

 

თემურ მახარაძის ”ზესტაფონ”-მა ანტალიური შეკრება სამი დღის წინ დაასრულა და ხვალიდან საქართველოს თას-ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს. ფეროელებმა ანტალიაში ხუთი ამხანაგური მატჩი გამართეს და ყველაზე ღონივრად ლვოვის ”კარპატი”-სთან (3-0) ითამაშეს, დანარჩენ შეხვედრებში კი ასეთი შედეგები აჩვენეს: ყაზახურ ”ჟეტისუ”-სთან 0-2, კორეის ”ჩონბუკ ჰიუნდაი მოტირს”-თან 1-1, რუმინულ ”ჩიაჟნა”-სთან 2-2 და მოსკოვის ”ლოკომოტივ”-თან 0-2. თურქული შეკრება და ”ზესტაფონი” -ს განწყობა სეზონის განახლების წინ - ამაზე ფეროელთა ბომბარდირ ზურაბ იონანიძეს ვესაუბრეთ ...

- თურქეთში ყველანაირად კარგი შეკრება გავიარეთ, პირობები მშვენიერი იყო და როცა სეზონი დაიწყება, ყველა ნახავს, რომ გუნდი კარგ ფორმაში იქნება.

- სპარინგ- მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი, ცხადია მოსკოვის ”ლოკომოტივი” იყო...

- ასეა და თანაც ”ლოკომოტივ”-თან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, რომლებიც ნაკრებში გამოიძახეს. სხვა გუნდებიც ძლიერები იყვნენ, იმავე ”ჟეტისუს” რამდენიმე კარგი ლეგიონერი ჰყავდა. მოკლედ, მაგრად მოვემზადეთ.

- რომელიმე ახალი ფეხბურთელი ხომ არ ჩამოგყოლიათ თურქული შეკრებიდან?

- ბრაზილიელები ჟონატასი და ლეანდრო, რომლებიც ჩვენთან თურქეთში წასვლამდე მოვიდნენ, კარგი ფეხბურთელები არიან. თურქეთში ლეანდრომ გოლიც გაიტანა, თუმცა ჩემი აზრი არაა მთავარი - მათი გუნდში დარჩენა მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- 18 თებერვალს ბორჯომში თამაშობთ თასზე. მანამდე სულ ზესტაფონში მოემზადებით?

- კი, აქ ხელოვნურსაფარიან მინდორზე ვივარჯიშებთ, რადგან, როგორც იცით, ბორჯომშიც ასეთი მოედანია.

- ”ზესტაფონი” ჩემპიონატის და თასის მოგებას აპირებს. ეს რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

- უბრძოლველად არავინ არაფერს დაგვითმობს, ბრძოლა კი შეგვიძლია და მგონი, არც ერთ კონკურენტს არ ჩამოუვარდებით.

- მთავარ კონკურენტად ვის თვლიდ?

- ვინც ლიდერთა ჯგუფშია, ყველას თანაბარი შანსი აქვს, ”დინამო”-ს ჩავთვლი.

- ”ვიტ-ჯორჯია”-მ ორი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა. მათ მაინც ფავორიტებად თვლი?

- ”ვიტ-ჯორჯია” მაინც სოლიდურ ძალად რჩება, ვიტელებს ყოველთვის ჰყავდათ ისეთი გუნდი, საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის რომ იბრძოდა. ისე, სხვა გუნდებში მომხდარ ტრანსფერებს ნაკლებად ვაკვირდები - ჩემთვის მთავარია, ”ზესტაფონ”-ში რა ხდება...

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005