”ბენდელას” თასის სასტარტო შეხვედრა
დაიწყო აფხაზეთის ომის გმირის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი. დღეს ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლიორები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარ "ზოოვეტს" დაუპირისპირდნენ.
ზემოიმერელთა და ვეტერინართა დღევანდელი დაპირისპირება ზესტაფონში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობამ "ბენდელას" თასის ორგანიზოტორებს გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეატანინა და საბოლოოდ, წლევანდელ ტურნირში ზესტაფონელთათვის სასტარტო შეხვედრას თბილისმა, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ ”საბურთალოს” სტადიონმა ”ბენდელამ” უმასპინძლა.
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველ ნახევართან შედარებით, ზემოიმერლებმა მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი შემადგენლობით იასპარეზეს. მარგველთა მეორე გუნდს უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბში განათხოვრებული ოთხი ფეხბურთელის (საბა ლომია, გიორგი ჭანკოტაძე, მიშო სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე) გარდა, ის ფეხბურთელებიც (მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი) აკლდნენ, ვინც სეზონის განახლებისათვის დღესდღეობით ქვეყნის ჩემპიონთა ძირითად გუნდთან ერთად ემზადებიან.
აქედან გამომდინარე, დუბლიორთა გუნდის წევრთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ზესტაფონელთა შემადგენლობაში დღევანდელ შეხვედრაში ბევრმა სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმაც იასპარეზა. თავად მატჩი ზესტაფონელთათვის წარუმატებელი გამოდგა და საფეხბურთო კლუბ ”ზოოვეტის” ფეხბურთელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 3-0 დასრულდა.
„ზესტაფონი“: მეშველიანი (მახათაძე, 84), თედო გრიგალაშვილი, ტყეშელაშვილი, ქიტიაშვილი, სალია, ჩხიკვიშვილი (კახაბრიშვილი, 58), ფირუზაშვილი (ტუკვაძე, 63), ჭანტურიშვილი (მაისურაძე, 78), ჩინჩალაძე (შილაკაძე, 46), ხვიჩია (ღირდალაძე, 46), ფოცხვერია (კირვალიძე, 46).
|