ინტერვიუ თორნიკე აფციაურთან
აფციაურისა და "ზესტაფონის" გადამწყვეტი ნაბიჯი
წლებია, თორნიკე აფციაური “ზესტაფონის” ღირსებას იცავს და მისი ვიცე-კაპიტანიცაა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, 32 წლის ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონთა ძირითად შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებს და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულიცაა. “ზესტაფონის” გამოცდილ ფეხბურთელს კლუბის პერსპექტივებზე, განვლილ ბატალიებსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ზესტაფონის” შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად მოხდა და სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების პროცესი საინტერესო უნდა იყოს როგორც ახალწვეულებისთვის, ასევე გუნდის ძველი წევრებისთვის.
- ნამდვილად ასეა. ყველას კარგად გვესმის, რომ “ზესტაფონის” ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და თითოეულ ჩვენგანს გვსურს, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ჩვენს კლუბს დიდი გეგმები აქვს და მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია. ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ “ზესტაფონის” წარმატებაში ჩვენი როლი ვითამაშოთ.
- როგორ ფიქრობ, რა პერიოდი დასჭირდებათ ახალწვეულებს ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის?
- სამწვრთნელო შტაბიც და ძველი ფეხბურთელებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდმა მცირე ხანს გასტანოს და სეზონის განახლების მომენტისთვის ახალმა მოთამაშეებმა საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლონ.
- ახალწვეულებს როგორ დაახასიათებ?
- თითოეულ მათგანს შეუძლია “ზესტაფონისთვის” მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდეს. მიხარია, რომ დავით მუჯირმა არჩევანი ჩვენი კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. ჩემი თაობის ფეხბურთელია, მაგრამ ერთად აქამდე არასოდეს გვითამაშია და მოხარული ვარ, რომ ეს შესანიშნავი შემსრულებელი ჩემი თანაგუნდელი გახდა. გამოვყოფდი ასევე გურამ სამუშიას, რომელსაც განსაკუთრებული მონაცემები აქვს. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე კოჭებში ეტყობა, რომ თუ იშრომა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
- “ზესტაფონში” აქამდე არსებული ისედაც დიდი კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება.
- ამას მხოლოდ მივესალმები. ყველა ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ კონკურენციის გარეშე ვერც თვითონ იქნება წარმატებული და ვერც მისი კლუბი.
- რამდენიმე დღეში “ზესტაფონი” ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც დიდ გამოცდილებას მიიღებს...
- კარგია, რომ ესპანეთში ჩასვლა და “მარბელიას” თასზე მონაწილეობა ტრადიციად გვექცა. შარშან იქ კიევის “დინამოს”, პრაღის “სპარტას” და სხვა ძლიერ კლუბებს ვეთამაშეთ, ახლა კი ჩვენი პირველი მეტოქე მოსკოვის "ცსკა" იქნება. ასეთ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა თავდაჯერებას გვმატებს და ძლიერი მეტოქის მიმართ ყოველგვარ შიშსა და მოკრძალებას გვიქრობს. ეს კი ევროთასებზე აუცილებლად გამოგვადგება.
- რა დააკლდა შარშან ზაფხულში “ზესტაფონს” ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?
- ამას ღრმა ანალიზი სჭირდება, რასაც “ზესტაფონის” სამწვრთნელო შტაბი წარმატებით განახორციელებს. რაც მოხდა, ალბათ კანონზომიერი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ მიღწევამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. მე ის ვიცი, რომ რასაც მიმდინარე სეზონში ვაკეთებთ, ზუსტად იმ ერთი ნაბიჯის გადადგმას ემსახურება. დღეს “ზესტაფონი” უფრო ძლიერია ბევრი ასპექტით – ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა სანახაობრივი სტილი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახდა უფრო პრაგმატული და ცივსისხლიანი.
- შიდა ასპარეზზე ჩატარებული მატჩებიდან რომლებს გამოარჩევ?
- ყველაზე დაუვიწყარი “დინამოს” 5:1 განადგურება იყო. არანაკლებ შთამბეჭდავი გახლდათ “ტორპედოს” დამარცხება თასის მეოთხედფინალში, სადაც ჩვენმა გუნდმა ხასიათი აჩვენა. სეზონის პირველმა ნახევარმა ყველას დაანახა, რომ “ზესტაფონი” სხვა ქართულ კლუბებს აღემატება, მაგრამ ფავორიტის სტატუსს განმტკიცება სჭირდება და კარგად გვესმის, რომ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს. ჩვენი მიზანი სამივე ქართული ტიტულის მოპოვებაა, თუმცა უმთავრესი ამოცანა, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონობაა. ზაფხულში კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ “ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული პირველი ქართული კლუბი გახდეს.
- გიორგი ჭიაბრიშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რაიმე თუ შეიცვალა შენსა და მას შორის ურთიერთობაში?
- მოედანს მიღმა ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. საქმეს კი ორივე პროფესიონალურად ვუდგებით და ისე ვურთიერთობთ, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შეეფერება. ჭიაბრიშვილი და გიორგი ყიფიანი თავის საქმეში ძლიერები არიან და ახალგაზრდული ასაკი საკუთარი იდეების განხორციელებაში ხელს ოდნავადაც არ უშლით.
- რა შეგძინა “ზესტაფონში” გატარებულმა წლებმა?
- აქ საკუთარი თავი ვიპოვე და მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მერწმუნეთ, საქართველოში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ “ზესტაფონის” დამსახურებაა, რომ დღეს თავს შემდგარ ფეხბურთელად მივიჩნევ.
- უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენ ხანს ვარაუდობ?
- თანამედროვე მოთხოვნებსა და დატვირთვებს უპრობლემოდ ვეგუები, ჯანმრთელობაც არ მაწუხებს და უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვაპირებ.
- დავით მუჯირმა გვითხრა, რომ “ზესტაფონი” მის კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება. შენც თუ შეგიძლია იგივეს თქმა?
- ამას დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუ ჩემი და “ზესტაფონის” აზრები ერთმანეთს დაემთხვა, უბედნიერესი ვიქნები.
|