ფეხბურთელები და კალათბურთი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო ფეხბურთელებმა საფეხბურთო მოედნის მწვანე საფარიდან დარბაზში გადაინაცვლეს.
დილით გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. საღამოს ვარჯიში კი, მუნიციპალური სტრუქტურების მიერ გაწეული ქმედითი დახმარების წყალობით, ქალაქ ზესტაფონის სპორტულ სკოლაში გაიმართა. ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონები ამინდის კაპრიზებს არ შეუშინდნენ და ძალები საკალათბურთო დარბაზში მოსინჯეს.
ალბათ, არავის გაუკვირდება ის, რომ დღევანდელი ვარჯიში ძალიან ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა - თორნიკე აფციაურმა გამთამაშებლის საუკეთესო თვისებები აქაც გამოავლინა, თორნიკე გორგიაშვილმა თავი საშუალო დისტანციიდან ზუსტი სროლებით გამოიჩინა, ჯაბა დვალმა კი თავის ხუთეულის მეტოქეთა გუნდი ერთბაშად 4 ზუსტი სამქულიანით დაამწუხრა...
ორშაბათს, 23 იანვარს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საგანგებო პრეს-კონფერენცია - მას-მედიის წარმომადგენელთა წინაშე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წარსდგება. საუბარი კლუბის პირველი და მეორე გუნდების უახლოეს გეგმებს შეეხება, იგეგმება ახალწვეულთა წარდგენა და მათთვის პერსონალური ნომრების გადაცემა. პრეს-კონფერენცია 14:00 საათზე დაიწყება.
|