19.01.2012

 

 

 

 

"ზესტაფონი" კახა ალადაშვილსა და გოგი ფიფიას მადლობით დაემშვიდობა

 

 

 

 

 

 

 

კახა ალადაშვილი და გოგი ფიფია.

28 წლის მცველი კახა ალადაშვილი და 26 წლის თავდამსხმელი გოგი ფიფია ამიერიდან "ზესტაფონის" ფეხბურთელები აღარ არიან - იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ჩემპიონთან ორივეს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ფეხბურთელების ინტერესები გაითვალისწინა და მათ სხვა კლუბებში კარიერის გაგრძელების უფლება მისცა ...

 

ალადაშვილი ბოლო დროს ფეროელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, ფიფია კი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ მხოლოდ შეცვლებზე თამაშობდა. მიმდინარე ჩემპიონატში ალადაშვილის ანგარიშზე 8 მატჩია (აქედან 7 ძირითადში), ფიფიამ კი 9 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტოში მხოლოდ ორჯერ იყო. მან ერთი გოლი გაიტანა...

მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი რუსეთიდან 2010 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ “ზესტაფონში” თამაშობდა. გასულ სეზონში, როცა იმერლებმა ჩემპიონის ტიტული მოიგეს, მან 29 საუმაღლესლიგო მატჩში 2 გოლი გაიტანა... კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორმხრივი შეთანხმება მოხდა და დიდი ალბათობაა, ფლანგელმა მალე გორის “დილაში” გააგრძელოს კარიერა...

გოგი ფიფიამ კი “ზესტაფონის” რიგებში 79 მატჩი ითამაშა და 21 გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას ძირითადად შეცვლაზე უწევდა შესვლა (9-დან 7 შემთხვევაში) და გოლი ერთხელ გაიტანა (მარტვილში, “მერანთან” გასვლით მატჩში).

"ორივე მათგანმა ჩვენი კლუბის წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით და კარიერასა და ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებთ!", - განაცხადა "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელოს” და ინტერნეტ-გამოცემა www.worldsport.ge-ს პუბლიკაციების მიხედვით
   
FC ZESTAFONI © 2005