15.01.2012

 

 

 

 

"ზესტაფონი" - ახალი ძალებით ახალი ტიტულებისკენ

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" - "დინამო" 5-1. ფოტო საიტიდან www.uefa.com

ჩემპიონობა ძნელია, მისი შენარჩუნება კი უფრო ძნელი - თუმცა "ზესტაფონს" ოქროს მედლებისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებული დაბრკოლება ჯერ არ შეხვედრია. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები სეზონის მეორე ნახევარში, ჩემპიონატის პირველ ნაწილში კი ფეროელებმა ძალიან შთამბეჭდავად ითამაშეს და ფავორიტის სტატუსი ასი პროცენტით დაამტკიცეს.

 

 

ბუნებრივია, მთავარი ბრძოლები წინაა. "ზესტაფონს" სამი რეალური კონკურენტი ჰყავს, რომლებიც ზამთრის ამ სატრანსფერო პერიოდში უქმად არ არიან, მაგრამ ფაქტია, "ზესტაფონი" ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია.

გამოცდა მწვრთნელმაც ჩააბარა
სეზონის სტარტზე "ზესტაფონში" ერთი მოულოდნელი ცვლილება მოხდა - ჩემპიონთა ლიგაზე ავსტრიულ "შტურმთან" განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გია გეგუჩაძემ დატოვა. გაჩნდა სავსებით ლოგიკური შეკითხვა - ხომ არ შეწყვეტდა განვითარებას გეგუჩაძის მიერ წლობით ნაშენები გუნდი?

ზესტაფონელი ქომაგების გასახარად, დღეს ამ შეკითხვაზე თამამად შეგვიძლია უარყოფითი პასუხის გაცემა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი ჭიაბრიშვილს აღმოაჩნდა იმდენი კომპეტენცია და გამოცდილება, რომ ცაიტნოტურ ვითარებათი ურთულეს პროცესს ღირსეულად გასძღოლოდა. 32 წლის სპეციალისტმა (მთავარ მწვრთნელად დანიშვნისას 31-ისა იყო) გეგუჩაძის სამწვრთნელო შტაბში მუშაობისას დაგროვებული ცოდნა პრაქტიკაში უნარიანად გადაიტანა და ისიც დაგვანახვა, რომ წინამორბედის სტილს ბრმად არ მისდევს - "ზესტაფონი" ისევ შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჭიაბრიშვილისეული ხელწერა მაინც თვალსაჩინოა.

გუნდი უფრო მრავალფეროვნად უტევს და აქტიურად იყენებს ფლანგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც დღევანდელ "ზესტაფონს" გამოარჩევს, ხასიათის სიმტკიცეა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონებმა ამის წყალობით არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

რაიმეს ბრმად გადაღება შედეგს ვერასდროს იძლევა და საკუთარი ხედვის გარეშე ჭიაბრიშვილი წარმატებული მწვრთნელი ვერ გახდებოდა. ალბათ, უკვე აღარავინ ფიქრობს, რომ "ზესტაფონი" ინერციით მიდის - ნახევარწლიანი ინერცია, უბრალოდ, არ არსებობს.

ძლიერი შინ და გარეთ
"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ტორპედოს" ოთხი ქულით უსწრებს, არანაკლებ კომფორტული მდგომარეობა კი "ვირტუალურ" ცხრილში აქვს. ბუნებრივია, ასეთი წარმატების მთავარი მიზეზი სტაბილურობაა - ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი განსაკუთრებული ჩავარდნების გარეშე განვლო და მხოლოდ ორი მარცხი იწვნია, რომელთაგან განსაკუთრებულად მწარე, ცხადია, გორის "დილასთან" შინ განცდილი 0:4 იყო - "ზესტაფონის" მიერ პირწმინდად ჩაგდებული ერთადერთი მატჩი. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ძლიერებაში ეჭვი აღარავის შეჰპარვია.

"ზესტაფონს" სტუმრად ერთი შეხვედრაც არ წაუგია, გამორჩეული მატჩი კი მისი მონაწილეობით არაერთი ვიხილეთ. ყველაზე დაუვიწყარი, რასაკვირველია, "დინამოს" 5:1 განადგურება იყო - არცთუ ძლიერად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ფეროელებმა მაყურებელს ჩინებული სანახაობა შესთავაზეს და ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მორალურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქუთაისში მიღწეული 2:1 და "სპარტაკის" 5:1 განადგურება. 2011 წლის ბოლო ოფიციალური მატჩი კი "ზესტაფონმა" მარტვილში მოიგო, სადაც "მერანის" საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა.

კიდევ ერთი საფეხბურთო შოუ "ზესტაფონმა" საქართველოს თასის მეოთხედფინალში დადგა - "ტორპედოს" მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი გოლი გაუტანა და პრინციპულ მეტოქეს ნახევარფინალის საგზური გამოჰგლიჯა ხელიდან.

"ზესტაფონი" სამივე ქართული ტიტულის მოპოვების შანსს ინარჩუნებს და თავისი თამაშის ხარისხით ევროპული წარმატების იმედსაც გვიჩენს.

განახლება ყოველთვის საჭიროა
სეზონის მეორე ნახევარში ჭიაბრიშვილისა და მისი ასისტენტების მთავარი ამოცანა ახალწვეულების შესაძლებლობების სრულად გამოყენება და მათი გუნდისთვის მორგება იქნება. შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" შვიდ ფეხბურთელს გაუფორმა კონტრაქტი და უთუოდ საინტერესოა, როგორ შეეწყობიან ისინი გუნდს. ერთი შეხედვით კი, ყველამ თუ ვერა, ახალწვეულთა დიდმა ნაწილმა მაინც უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა.

მეკარეები
"ზესტაფონის" გამოკვეთილი პირველი ნომერი 22 წლის როინ კვასხვაძეა, მაგრამ სეზონის პირველ ნახევარში მას ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა და მისი ადგილი გუნდის კაპიტანმა, 29 წლის ზურაბ მამალაძემ დაიკავა. თითოოროლა გამონაკლისის გარდა, დაკისრებულ მოვალეობებს ორივემ მაღალ დონეზე გაართვა თავი.

მცველები
სხვებთან შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში 27 წლის ზაალ ელიავაა, რომელსაც დაცვის მარცხენა ფლანგზე დღეისთვის რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

სამაგიეროდ, მარჯვნივ მწვრთნელთა განკარგულებაში ერთბაშად სამი მაღალი დონის უკანახაზელია - თავიდან ძირითადში 28 წლის კახა ალადაშვილი თამაშობდა, შემდეგ 22 წლის ალექსი ბენაშვილის ჯერი დადგა, ბოლოს კი ამ პოზიციაზე 26 წლის თემურ ღონღაძემ მოიკიდა ფეხი.

არანაკლებ მძაფრი კონკურენციაა ცენტრალურ მცველებს შორის. სასტარტო თერთმეტეულში მყარად იყო დამკვიდრებული 28 წლის გიორგი ონიანი, რომლის მეწყვილეც ხან 19 წლის მამუკა კობახიძე იყო, ხანაც - 30 წლის ედიკ საჯაია. მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში 23 წლის გიორგი ხიდეშელმა განაახლა და ჭიაბრიშვილის განკარგულებაში უკვე ოთხი მაღალი დონის ცენტრალური მცველი იქნება.

"ზესტაფონმა" საწყის 18 ტურში 15 გოლი გაუშვა, ამაზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ "ტორპედოს" აქვს. როგორც ხედავთ, "ზესტაფონი" მხოლოდ შეტევაში არ არის ძლიერი, უკანა ხაზიც საკმაოდ საიმედო ჰყავს.

ნახევარმცველები
კონკურენცია აქაც არანაკლებია. მურთაზ დაუშვილის დუბლებში გადაყვანის შემდეგ "ზესტაფონის" ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერად 23 წლის თორნიკე გორგიაშვილი იქცა. ძირითადში ადგილს ინარჩუნებენ 32 წლის თორნიკე აფციაური და 25 წლის შოთა გრიგალაშვილი. ეს დუეტი შეტევებს ძველებურად უნარიანად უძღვება. სასტარტოში ასევე ხშირად ხვდებოდნენ 31 წლის შოთა ბაბუნაშვილი და "ზესტაფონიდან" "დინამოში" გადასული 23 წლის ირაკლი ძარია.

მწვრთნელები ნახევარდაცვის ოთხეულს უმეტესად სწორედ ამ ხუთი ფეხბურთელიდან ირჩევდნენ ხოლმე. დროდადრო თამაშის საშუალება 19 წლის მიხეილ სარდალიშვილსაც ეძლეოდა, რომელმაც საკუთარ პერსპექტიულობაში უკვე ბევრი დაარწმუნა. სეზონის მეორე ნახევარს მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იგი "გაგრაში" გაატარებს.

თავდამსხმელები
ნიკოლოზ გელაშვილის შეცვლა იოლი ნამდვილად არ იქნება - 26 წლის ფორვარდმა "ზესტაფონი", ფაქტობრივად, უკვე დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია. თავისი გოლებით ნიკა გუნდს მიმდინარე სეზონშიც შეეწია, თუმცა ბოლო დროს ფეროელთა შეტევის აშკარა ლიდერი ჯაბა დვალი იყო. 26 წლის თავდამსხმელი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. საგოლე ალღოს არც 23 წლის რატი წინამძღვრიშვილი უჩიოდა, რომელსაც ბოლო ტურები ტრავმის გამო გაუცდა. გუნდის შემტევ პოტენციალს ასევე აძლიერებდნენ 26 წლის გოგი ფიფია და 21 წლის საბა ლომია, რომელიც ბოლნისის "სიონში" გაანათხოვრეს...

იბეჭდება შემოკლებით ...

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005