14.01.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ ზურაბ მენთეშაშვილთან

პირველ ქართულ ოქროს "ზესტაფონში" მოვიგებ

 

 

 

 

 

 

ზურაბ მენთეშაშვილი

ზურაბ მენთეშაშვილს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. თავდაუზოგავად მებრძოლი, ჟინიანი, მიზანსწრაფული - ასეთი გვახსოვს იგი. ვერ ვიხსენებთ რომელიმე მეტოქესთან, თუნდაც ვარსკვლავებთან ქედი მოეხაროს...


მენთეშაშვილი უკვე კარგა ხანია "ზესტაფონშია", მაგრამ ტრავმის გამო იმერულ კლუბში ჯერ ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია. როგორც იქნა, "მენთეშა" ბოლომდე გამოჯანმრთელდა და გია ჭიაბრიშვილის გუნდს ერთი საკვანძო მოთამაშეც შეემატა.

 


- ზურაბ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბოლოოდ განიკურნეთ ტრავმისგან?
- გუნდთან ერთად უკვე ოთხი დღეა, ვვარჯიშობ. მადლობა ღმერთს, ოდნავადაც არ მიგრძნია ტკივილი. ყველაფერი კარგადაა. აღდგენითი პერიოდი გავიარე, არაფერი დამკლებია, რაც ისევ და ისევ კლუბის დამსახურებაა.


- რას იტყვი "ზესტაფონის" შიდა სამზარეულოზე, როგორი გუნდია?
- სადაც კი მითამაშია, ცუდი გარემო არსად ყოფილა, მაგრამ ეს უდავოდ ყველაზე მეგობრული გუნდია. ცალ-ცალკე რაც არ უნდა მაგარი ფეხბურთელები გყავდეს, ვერაფერს მიაღწევ. ჩვენი მთავარი კოზირი ერთიანობაა. მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერ გუნდში მოვხვდი.


- გულახდილად გვითხარი, უთამაშებლობისას ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდა?
- ბოლო სამი-ოთხი თვე მართლა მაგრად გამიჭირდა, კინაღამ გავგიჟდი... ასე თუ ისე, ყველაფერი დამთავრდა. ჩემი განცდების აღწერა არ არის იოლი. თავად მიხვდებით, რას და როგორ ვგრძნობდი.


- თქვენ და გიორგი ჭიაბრიშვილი მეგობრები ხართ, მაგრამ ალბათ ეს მეგობრობა უკანა პლანზე გადადის, როცა სამუშაო პროცესი იწყება.
- მართალი ბრძანდებით, გია ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ მოედანზე ყველანი ერთნი ვართ, ისევე, როგორც ვარჯიშისას. სხვანაირად არაფერი გამოვა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დისტანცია ყოველთვის უნდა იყოს.


- თქვენ ევროპულ ფეხბურთში არაერთი სეზონი ჩაგიტარებიათ. როგორ გგონიათ, არ მოვიდა დრო, ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშოს?
- საინტერესო კითხვაა. სხვა შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდეს, მაგრამ მე ჩემს აზრს გეტყვით. მართალია, საქართველოს ჩემპიონატს ევროპული პირველობის დონემდე ბევრი უკლია და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არაა უცხო ჩვენთვის, მაგრამ მართლაც მოვიდა დრო, ნავსი გატყდეს.


- ხართ ლატვიისა და ისრაელის ჩემპიონი. ქართულ ოქროს არ უმიზნებთ?
- ჩემი ოცნებაა, "ზესტაფონთან" ერთად გავხდე საქართველოს ჩემპიონი. დარწმუნებული ვარ, გავხდები კიდეც. პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია და ეს ქართული ოქროც ასეთივე იქნება.


- გითამაშიათ ნახევარდაცვის პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე. "ზესტაფონში" სად ხედავთ თქვენს ადგილს?
- სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვითამაშებ. თუ სკამზე გამოვადგები "ზესტაფონს", სკამზე დავჯდები. ბოლოს საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი ისრაელში.


_ ბოლოს ერთი კითხვაც - მძიმე ტრავმისგან განკურნებულებს ხშირად ტრავმის ხელმეორედ მიღების ქვეცნობიერი შიში რჩებათ...
- ეს შიში ჩემთვის უცხოა. ვიცი ჩემი ხასიათი - როცა მინდორზე გავდივარ, იმდენად ბედნიერი ვარ, იმდენად ვინთები ბრძოლის ჟინით, რომ ყველაფერი მავიწყდება. თუ ტრავმას მივიღებ, ესეც ღვთის ნება იქნება. ფეხების გაფრთხილება კი ჩემი სტილი არ არის.

 


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

   
FC ZESTAFONI © 2005