13.01.2012

 

 

 

 

ინტერვიუ დავით მუჯირთან

ბოლოს ქართველი საქართველოში უნდა დაბრუნდეს!
"ზესტაფონი" უკვე ბრენდია და აქ თამაში ბევრი ფეხბურთელისთვის ოცნებაა

 

 

 

 

 

 

დავით მუჯირი

საქართველოს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე დავით მუჯირის "ზესტაფონში" გადასვლაა. შეგახსენებთ, 34 წლის ნახევარმცველმა 2011 წელი იაპონურ "სანფრეჩე ჰიროშიმაში" გაატარა, საქართველოს ჩემპიონებთან კი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეროვნული გუნდის ყოფილ წევრს გადაწყვეტილების მოტივებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

 

 

- როგორია "ზესტაფონთან" ერთად გატარებული პირველი დღეების შთაბეჭდილებები?
- ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ ძლიერ და ამბიციურ კლუბში მოვხვდი. გადავწყვიტე, კარიერა საქართველოში დამესრულებინა და რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას შორის არჩევანი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონზე შემეჩერებინა.

"ზესტაფონი" უკვე ბრენდია და აქ თამაში ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის ოცნებაა, გუნდის ამჟამინდელი წევრებისთვის კი დიდი პატივია. საერთოდ კი, ვფიქრობ, ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საზღვარგარეთ წლები გაუტარებია, საქართველოში უნდა დაბრუნდეს და კარიერა აქ დაასრულოს.

- თუ საიდუმლო არ არის, კიდევ რა წინადადებები მიიღე?
- ერთ-ერთი რუსთავის "მეტალურგის" შეთავაზება იყო. ბუბა ტყავაძეს ამისთვის მადლობა გადავუხადე, თუმცა "ზესტაფონის" ვარიანტი ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

- კარიერის დასრულებას "ზესტაფონში" აპირებ?
- ასეა, ამის დიდი სურვილი მაქვს. შარშან მინდოდა, ჩემი ბოლო კლუბი თბილისის "დინამო" ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქ მხოლოდ ოთხი თვე გავატარე. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი ჩემი ფინანსური მოთხოვნების გამო კი არა, კლუბის სურვილით არ გაგრძელდა - ჩემთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს. ნაწყენი არავისზე ვარ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიხსენებ, რა მოხდა სინამდვილეში.

- ამას იაპონური პერიოდი მოჰყვა, რომელმაც, როგორც არაერთხელ გითქვამს, ბევრი რამ შეგძინა.
- იქაური შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების განმავლობაში სასიამოვნოდ გამყვება. იაპონიაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იდეალურადაა მოწყობილი და, ცხადია, ცხოვრების პირობებიც იდეალურია. იქ ფეხბურთის თამაში უდიდესი სიამოვნებაა. საფეხბურთო დონეც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ქართულ ფეხბურთში დღევანდელზე უკეთესი პირობები რომ იყოს, საფეხბურთო თვალსაზრისით იაპონიას მალე გავასწრებდით. ცხოვრების დონით კი, ბუნებრივია, მათ კიდევ დიდხანს ვერ მივუახლოვდებით.

- "ზესტაფონთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას ერთ წელიწადში აპირებ?
- ერთწლიანი კონტრაქტი ჩემი სურვილი იყო, თუმცა კარიერის ერთ წელიწადში დასრულება ნამდვილად არ მინდა. ვითამაშებ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც "ზესტაფონისთვის" საჭირო ფეხბურთელი ვიქნები.

ვნახავ, როგორ შევეწყობი ახალ კლუბს, შევძლებ თუ არა მისთვის სარგებლობის მოტანას და ხელმძღვანელობასთან ერთად ნახევარი წლის შემდეგ გადავწყვეტ, ღირს თუ არა ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება. უკვე ნათქვამს გავიმეორებ: "ზესტაფონი" ჩემს კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება.

- საქართველოს ჩემპიონატს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შარშან დაუბრუნდი. როგორ შეაფასებ ჩვენი უმაღლესი ლიგის დონეს?
- ნამდვილად არ გვაქვს ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი. ბოლო წლებში უმაღლესი ლიგის დონე აშკარად ამაღლდა და ქულების მოპოვება ნებისმიერ მეტოქესთან ძნელია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ - საქართველოს ჩემპიონობისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის!

- "ზესტაფონთან" ერთად ტიტულების კოლექციის გაზრდის კარგი შანსი გაქვს.
- ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი სიამოვნებაა იმ გუნდში თამაში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. "ზესტაფონის" ამოცანა საქართველოს ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოპოვებაა და მზად ვარ, ამისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

უპირველესი მიზანი, ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობაა, რის შემდეგაც უკვე ევროთასებზე გვმართებს წარმატებით ასპარეზობა. "ზესტაფონს" რეალურად შესწევს იმის ძალა, რომ პირველი ქართული კლუბი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს. კარიერაში ბევრი რამ მინახავს, თუმცა გამარჯვებები ძველებურად მწყურია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრების იმედები გავამართლო. ევროთასებზე კი იქ გასულ ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.

- "ზესტაფონის" თითოეულ რგოლში უდიდესი კონკურენციაა და, ალბათ, ამისთვისაც მზად ხარ.
- კონკურენცია ჰაერივით აუცილებელია, ამის გარეშე კლუბისა და ფეხბურთელის განვითარება წარმოუდგენელია. ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხარ?
- იაპონიაში ჩემპიონატი უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე ჩვენთან სეზონის მეორე ნახევარი, ასე რომ, კონდიციები აღსადგენი მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდები.

- "ზესტაფონში" შემტევი ნახევარმცველი იქნები თუ შესაძლოა, თავდამსხმელობაც გაიხსენო?
- მოდი, ამ ეტაპზე ეს ჩემი და გიორგი ჭიაბრიშვილის საიდუმლოდ დავტოვოთ.

 


ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005