12.01.2012

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" წინ მიიწევს ...

 

 

 

 

 

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა (www.iffhs.de) 2011 წლის შედეგების გათვალისწინებით შედგენილი პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული...

 

 


სასიამოვნოა, რომ ამ ავტორიტეტული საფეხბურთო ორგანიზაციის აზრით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პლანეტის უძლიერეს კლუბებს შორის საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” მუდმივად განიხილება. ასე, გასული წლის შემაჯამებელ რეიტინგში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა", წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო წინ წაიწია და შედეგად, იაპონურ “კაშიმა ანტლერსთან " და ალჟირულ “მკ ალჟირთან " ერთად, 172-174-ე ადგილებს ინაწილებს.

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტის ავტორიტეტულობის მიუხედავად, ამ რეიტინგის შემქმნელთა ობიექტურობასთან დაკავშირებით ფეხბურთის ზოგმა სპეციალისტმა, შესაძლოა, ეჭვი გამოთქვას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ მსოფლიო საკლუბო რეიტინგს სადღეისოდ ”ბარსელონა”, მადრიდის ”რეალი”, არგენტინული ”ველეს სარსფილდი ” და ორი მანჩესტერული (შესაბამისად "იუნაიტედი" და "სიტი") კლუბი უდგანან სათავეში.

 

რაც შეეხება ”ზესტაფონს”, რეიტინგის ყურადღებით გაცნობისას სასიამოვნო აღმოსაჩენია, რომ 2011 წლის შედეგების მიხედვით, ქართული გუნდი ისეთ სახელოვან გუნდებზე წინაა ”მოკალათებული”, როგორებიცაა: იტალიური ”პარმა”, "ჯენოა" და ”ფიორენტინა”, ფრანგული ”სენტ ეტიენი ” და ”მონპელიე”, გერმანული ”ბორუსია” (მიონხენგლადბახი), ”შტუტგარტი”, "ვერდერი", ”კაიზერსლაუტერნი” და ”მაინცი” , ინგლისური ”ნიუკასლი”, ”ასტონ ვილა ” და ”ევერტონი”, ესპანური ”ლევანტე” და ”მალაგა”, უკრაინული ”კარპატი”, სერბული "ვოივოდინა", თურქული "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე" , ბერძნული "პანათინაიკოსი", რუსული ”დინამო” (მოსკოვი), არგენტინული ”რასინგი”, ბრაზილიური ”ატლეტიკო პარანაენსე” და სხვა ...

 

ასევე სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს 400 საუკეთესო კლუბს შორის, ზესტაფონელთა გარდა, კიდევ ორი ქართული კლუბი ფიგურირებს - თბილისის დინამოელები 120-123-ე პოზიციაზე არიან, ხოლო რუსთავის ”მეტალურგი” 187-192-ე ადგილზეა.

 

სრულად ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის შემაჯამებელი საკლუბო რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე - www.iffhs.de

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005