პირველი ვარჯიში ახალ წელიწადში
2012 წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში კლუბის ბაზაზე გაიმართა.
საახალწლო არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინწინ თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს...
შარშანდელის მსგავსად, ზესტაფონი გუნდს ზამთრისათვის უჩვეულოდ კარგი ამინდით შეეგება და ეს ადამიანების განწყობაზეც დადებითად აისახა. ვარჯიში, რომელსაც ავადმყოფობის გამო შოთა გრიგალაშვილი გამოაკლდა, ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ნახევარსაათიანი ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა ”დაისაკუთრა” - ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გამახვილებული.
პირველად თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშა ზემოიმერული კლუბის ერთბაშად ექვსმა ახალწვეულმა - დავით რაჟამაშვილმა, ლუკა გუგუჩიამ, გურამ სამუშიამ, აბაიომი ოვონიკოკომ, ლევან შარიქაძემ და დავით მუჯირმა. ძალიან სასიხარულო გახლავთ ისიც, რომ მძიმე ტრავმებით გამოწვეული იძულებითი პაუზებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, დღეს საერთო ჯგუფში პირველად ივარჯიშეს ზურაბ მენთეშაშვილმა, გიორგი ხიდეშელმა და რატი წინამძღვრიშვილმა.
2012 წელს გამართულმა ქვეყნის ჩემპიონთა პირველმა ვარჯიშმა მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია - დღეს ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი 4 გადამღები ჯგუფი ესტუმრა.
ხვალიდან გია ჭიაბრიშვილს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...
|