08.01.2012

 

 

 

 

 

დავით მუჯირის ასავალ-დასავალი

უეფას ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის პუბლიკაცია

 

 

 

 

 

 

 

დავით მუჯირმა ბოლო სეზონი იაპონურ “სანფრეჩე ჰიროშიმაში” გაატარა, ახალი წლის დადგომამდე კი, ერთწლიანი კონტრაქტი “ზესტაფონთან” გააფორმა. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის 34 წლის ახალწვეულს ესაუბრა. ინტერვიუ ეხება ფეხბურთელის ხანგრძლივ კარიერას, რომლის განმავლობაში მან სამშობლოს გარდა, მოლდოვაში, ავსტრიაში, რუსეთსა და იაპონიაში ითამაშა.

 


“ზესტაფონთან” კონტრაქტი ერთწლიანია. აპირებს თუ არა მუჯირი სათამაშოდ სამშობლოში დამკვიდრებას, თუ ეს დროებითი გაჩერებაა? “მე შარშანაც ვუმიზნებდი გრძელვადიან შეთანხმებას და სწორედ ამიტომ მივედი ჩემი ბავშვობის გუნდ თბილისის “დინამოში”. ფინანსური პირობები ჩემთვის გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა - ჩვენ სიმბოლურ ხელფასზე შევთანხმდით, რომლის გარეშე ჩემი კონტრაქტი ვერ დარეგისტრირდებოდა. ეს იყო ერთგვარი გამოსაცდელი ვადა ჩემთვის და კლუბისთვის. ზამთარში “დინამოს” მფლობელი შეეცვალა და ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს”.


მუჯირს გულში წყენა არ ჩაუდევს და როგორც თავად ამბობს, “დინამოს” პრინციპული მეტოქის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, სულაც არაა შურისძიების სურვილი. “იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს “დინამოს” ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მქონია, ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის ასპარეზობას და ყოველთვის მისი ქომაგი ვიყავი. უბრალოდ, “ზესტაფონის” პროექტი პერსპექტიულად მეჩვენება. ილია კოკაიამ 2004 წელს შექმნა ეს კლუბი, რომელიც უკვე გახდა ბრენდი. სწორედ მან დამითანხმა ამ გუნდში თამაშზე”, - ამბობს ნახევარმცველი.


“ძირძველი დინამოელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. ვგრძნობ, ქართულ ფეხბურთს სწორედ ამ ადგილზე შემიძლია დავეხმარო. ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით. არ ვიცი, როდის და როგორ, მაგრამ არ დავმალავ, რომ კარიერის აქ დასრულება მსურს”, - განაცხადა უფროსი დავით მუჯირის შვილმა, რომლის მამამ თბილისის “დინამოსთან” ერთად ჯერ კიდევ 1981 წელს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმაღლესი ჯილდო - ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.


“ზესტაფონი” ჩემპიონატში 4-ქულიანი ფორით ლიდერობს, თუმცა მუჯირის აზრით, ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება არცთუ იოლი საქმე იქნება. “მთავარია, ღირსეული მეტოქეები გვყავდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები ჯანსაღ კონკურენციაში გამოვლინდნენ. მაშინ, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართული კლუბების მოხვედრის შანსი მოიმატებს. მიმდინარე ევროსეზონმა აჩვენა, რომ ჩვენი კლუბები არც ისე შორს არიან ასეთი წარმატებისგან”, - ამბობს 1998 წლის შედეგებით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი სხვა კლუბებთან ერთად ტურინის “იუვენტუსსაც” ჰქონდა.


“კოკაიასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. აგენტის რანგში სწორედ ის აგვარებდა ჩემს სატრანსფერო საკითხებს მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” “იუვენტუსში” არ გამიშვა და ფეხბურთისთვის თავის დანებება მსურდა. მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, უკვე “დინამოსთვისაც” არაფრად ვვარგოდი. კოკაიამ “შერიფში” მომაწყო და იქიდან დაიწყო ჩემი უცხოური კარიერა. მახსოვს, ჩემი გოლი “შერიფისთვის” პირველი აღმოჩნდა, რომელიც მან ევროტურნირებზე გაიტანა. ამ კლუბის შემადგენლობაში გავხდი მოლდოვის ჩემპიონი, საუკეთესო ბომბარდირი, მოვიპოვე ქვეყნის თასი. დადგა დრო, წინ წავსულიყავი და მალე თვალი “შტურმმა” დამადგა”.


ავსტრიული გუნდის ბოსნიელ თავკაც ივიცა ოსიმს ჰავბეკი რაშიდ რახიმოვმა შესთავაზა, რომელმაც მოგვიანებით იგი მოსკოვის “ლოკომოტივში” თავადაც იახლა. “რახიმოვმა კარგი რეკომენდაცია მომცა, სინჯები გავიარე და 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც “შტურმში” თითქმის სრულად ჩავამთავრე. სამწუხაროდ, ჩემი იქ თამაში კლუბის ფინანსურ სიძნელეებს დაემთხვა და ვერც ჩემპიონატი მოვიგეთ და ვერც ქვეყნის თასი. კონტრაქტის ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე რუსეთში მიმიწვიეს”.
“ავსტრიის ჩემპიონატი ფინანსური და სპორტული კუთხით რუსეთისას ჩამორჩება. “კრილია სოვეტოვში” 2 დაუვიწყარი სეზონი ვითამაშე. არსებობს მოსაზრება, რომ არასწორად მოვიქეცი, როცა სამარიდან მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავედი. მაგრამ იმ დროს უკვე 30 წლის ვიყავი და იმის სავსებით ნორმალური სპორტული ამბიცია გამიჩნდა, რომ რუსეთის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში მეთამაშა”.


“ლოკოში” წარმატებით თამაშში მუჯირს ხელი იმ ფაქტორმა ხომ არ შეუშალა, რომ იგი იმ “ათიანით” გამოდიოდა, რომლითაც კლუბის ვეტერანი და ადგილობრივი პუბლიკის თაყვანისცემის ობიექტი დიმიტრი ლოსკოვი ასპარეზობდა? “არა მგონია, ეს იყოს ჩემი წარუმატებელი გამოსვლის ძირითადი მიზეზი. კი, ქომაგისთვის ლოსკოვი ლეგენდა იყო, მაგრამ მაშინ ვინ იყო “ნაპოლისთვის” მარადონა? მის შემდეგ ამ კლუბში ხომ სხვა “ათიანებიც” თამაშობდნენ და არცთუ წარუმატებლად!”


“ახლაც მიმაჩნია, რომ “ლოკომოტივში უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი. მაგრამ იყო მიზეზი, რომელიც ლეგიონერების ლიმიტს უკავშირდებოდა და მასზე რახიმოვსაც არაერთხელ უთქვამს. წინ თამაშობდნენ რუსეთის ნაკრების წევრები სიჩოვი, ბილიალედტინოვი, ტორბინსკი და რუსეთის მოქალაქეობის მქონე პიტერ ოდემვინგიე. ლეგიონერების ლიმიტი კი დანარჩენ პოზიციებზე მოთამაშეებით იყო გადაჭარბებული”.


შემტევმა ნახევარმცველმა კარიერაში 150-მდე გოლი გაიტანა. მუჯირს არც იაპონიაში თამაშისას დაუკარგავს ბომბარდირული უნარ-ჩვევები, სადაც 7-ჯერ შეძლო კიპერთა დამწუხრება. რა მისცა მას 33 წლის ასაკში ჯეი-ლიგაში თამაშმა? “პირველ რიგში, უდიდესი სიამოვნება მივიღე. იქ მხოლოდ ცხოვრების დონე კი არა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა მაღალგანვითარებული. კლუბების ლიცენზირების სისტემა იაპონიაში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომ პირველ და მეორე ლიგებს შორის სხვაობა შეუმჩნეველია. და როგორ ატმოსფეროს ქმნიან გულშემატკივრები სტადიონზე? გუნდებს მხარდაჭერის გარეშე გასვლით მატჩებშიც კი არ ტოვებენ”. ბოლოს ის დაგვრჩენია, მუჯირს ახალ გუნდშიც ვუსურვოთ, რომ ქომაგის მხარდაჭერა არ მოკლებოდეს.

გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.uefa.com

www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005