გაგრელები "ზესტაფონში" მოდიან
"დიდი მადლობა და ნახვამდის!" საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ინტერნეტ-გვერდის პუბლიკაცია
საქართველოს თასის მფლობელის, “გაგრას” რიგებიდან მოქმედ ჩემპიონ “ზესტაფონში” ზღვისპირელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის - ლევან შარიქაძისა და აბაიომი ოვონიკოკოს გადასვლის თაობაზე უკვე გაუწყეთ. გაგრელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
“ამ ადამიანების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. დღიდან გუნდში ჩარიცხვისა, მაქსიმუმს აკეთებდნენ, რათა ჩვენს გუნდს წარმატებისთვის მიეღწია და მუდამ გამორჩეულნი იყვნენ...
ლევან შარიქაძე: “გაგრაში” ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...
როდესაც “ზესტაფონის” მხრიდან დაინტერესების შესახებ მითხრეს, ძალიან გამიხარდა. საქართველოს ჩემპიონი გუნდია, დღესაც ლიდერია, პროფესიონალები მუშაობენ და ცხადია, იქ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა... დაინტერესება სხვა კლუბებიდანაც იყო, მაგრამ “გაგრას” პრეზიდენტ ბატონ ბესო ჩიხრაძესთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, კარიერა “ზესტაფონში” გამეგრძელებინა.
გული დამწყდება თუ არა? “გაგრაში” ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვეხუმრები ხოლმე, რომ შეგვხვდებით, აუცილებლად გოლს გაგიტანთ-მეთქი. ცხოვრება გრძელდება, დღეიდან უკვე “ზესტაფონისთვის” უნდა ვითამაშო და იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდება, საქართველოს ჩემპიონი გავხდები, ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებ და რაც შეიძლება დიდხანს.
სეზონის განახლებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მალე გუნდს შევუერთდები და იმედი მაქვს, რომ ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ მექნება”.
***
აბაიომი ოვონიკოკო: “როდესაც თასის ფინალის წინ მუხლი ისევ ძლიერ მეტკინა და გადაწყდა, რომ ფინალს ვერ ვითამაშებდი, ეს ჩემთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა.
ერთი რომ გუნდს ვერ დავემხარებოდი, მეორე კი საშინელი დიაგნოზი - ჯვარედინი იოგები დამიზიანდა. ბევრი ასეთ დარტყმას ვერ უძლებს, მაგრამ გუნდში ისეთი ხალხი მუშაობს, გვერდით დამიდგნენ და პრობლემები ბოლომდე დამაძლევინეს.
“გაგრას” პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ და ჩემმა აგენტმა მამუკა ამიროვმა იმდენი შეძლეს, რომ თბილისში ოპერაციის გასაკეთებლად ცნობილი ქირურგი მარტენსი ჩამოიყვანეს. როგორც მერე მითხრეს, ეს სპეციალისტი ძალიან იშვიათად თუ აკეთებს ოპერაციას უცხოეთში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბესოს და ბატონ მამუკას.
რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. მალე სრულად გამოვჯანმრთელდები და სრულფასოვან ვარჯიშსაც დავიწყებ.
“ზესტაფონის” მხრიდან ჩემს მიმართ დაინტერესება რომ იყო, ადრეც ვიცოდი, მაგრამ ბოლო დღეებში ეს შემოთავაზება უკვე სერიოზულად განიხილებოდა.
“ზესტაფონი” ყოველთვის მომწონდა - შემტევ, ლაღ ფეხბურთს თამაშობს. მათ წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი მათი ძალა და შესაძლებლობები. მათ შემოთავაზებას დავთანხმდი და მიხარია, რომ მინდორზე როცა დავბრუნდები, “ზესტაფონის” მაისურით გავალ და ვითამაშებ... “ზესტაფონი” ჩემპიონი უნდა გახდეს და ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ითამაშოს. მოვინდომებთ, ერთი ძალით შევუტევთ და მგონი, მიზანს მივაღწევთ.
“გაგრა”? ამ გუნდს ვერ დავივიწყებ. იცით, სანამ ნიგერიიდან “გაგრაში” ჩამოვიდოდი, მანამდე სხვა გუნდებში სინჯების გავლაზეც იყო საუბარი, მაგრამ “გაგრაში” ჩამოსვლა ვარჩიეთ და ნამდვილად ვამბობ, არ ვნანობ. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ “გაგრაში” მოვედი და აქ ვითამაშე. ამ გუნდმა მომცა საშუალება, ევროპაში გავეცნე. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ეს ამ გუნდის და მისი პრეზიდენტის დამსახურებაა.
იმედი მაქვს, რომ “ზესტაფონში” თამაშით კიდევ უფრო კარგად გამიცნობენ. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები მინდორზე. ლევანი ამბობს, რომ “გაგრას” გოლი უნდა გავუტანოო? მე მაშინ ორ გოლს გავიტან (იცინის). ძალიან მიყვარს “გაგრა” და მწვრთნელები, ფეხბურთელები, მომუშავე პერსონალი. თასის ნახევარფინალში არიან გასულები და ძალიან მინდა, ამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ ითამაშონ ევროტურნირზე. მე ვიცი, რომ გაგრა საქართველოს ნაწილია და აფხაზური გუნდია. ევროპამ კიდევ უნდა გაიგოს ამ გუნდის, ამ მხარის არსებობის შესახებ. გაგრელებო, მადლობა ყველაფრისთვის, ნახვამდის და მალე შევხვდებით”.
გამოყენებულია ფოტომასალა საიტიდან www.fcgagra.ge |