30.12.2011

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ”

 

 

 

 

 

 

 

ჭიაბრიშვილი: “ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, ნახევარი სეზონი წინაა და ჩათვალონ, რომ ნულიდან იწყებენ”

“ჩვენთვის მეორე ნომრად თამაში წარმოუდგენელია. განა იმიტომ, რომ ზედმეტი ამბიცია მაქვს და ზემოდან ვიყურები, არამედ, უბრალოდ, “ზესტაფონის” სათამაშო მანერაა ისეთი, რომ ჩასაფრებაზე ვერ ვითამაშებთ, მეტოქის შეცდომებისთვის მოცდა ჩვენი სტილი არაა” – ეს გიორგი ჭიაბრიშვილის სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.


ბევრი სკეპტიკურად უყურებდა გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჭიაბრიშვილის კანდიდატურას, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტი “ზესტაფონს” მშვენივრად ხელმძღვანელობს და ამის დასტური არა მხოლოდ ტაბლო, თამაშის ხარისხიცაა. “ზესტაფონი” ლიდერია და თქმა რად უნდა, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტიცაა. პლუს, თასის ნახევარფინალშიცაა გასული.


იმერული კლუბის ხელმძღვანელობამ 32 წლის ჭიაბრიშვილს გარჯა დაუფასა და 3 წლით გაუგრძელა კონტრაქტი:


- ალბათ, ბევრი არ გიფიქრიათ კონტრაქტის გაფორმებაზე.
- ნამდვილად არა. “ზესტაფონში” მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.


- თავიდან დავიწყოთ. წავიდა გეგუჩაძე და მთავარ მწვრთნელად მისი თანაშემწე დაინიშნა – ანუ, თქვენ. არ გქონდათ ნერვიულობის მომენტი?
- მწვრთნელის შეცვლას გარკვეული დისკომფორტი მოჰყვება ხოლმე, მაგრამ დიდი პლუსი იყო ის, რომ ფეხბურთელებში მონდომება დავინახე. ცდა არც მე დავაკელი და არც მწვრთნელთა შტაბმა. ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და ჩამოვყალიბდით - ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე. კლუბის ხელმძღვანელობამ, თითოეულმა თანამშრომელმა და მწვრთნელთა შტაბმა ბოლომდე მოვინდომეთ. უნდა ვთქვა გიორგი ყიფიანისა (ასისტენტი) და თამაზ ოდიკაძის (მეკარეების მწვრთნელი) მიერ გაწეულ სამუშაოზე. ყველანი ერთად დავდექით.


- ვიცით, რომ ფეხბურთელებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. ბევრი მწვრთნელი არაა ასე...
- ჩვენთან ასეა: თამაში იქნება თუ ვარჯიში, ყველა პროფესიონალურად უდგება საქმეს. დამთავრდება სამუშაო დრო? ყველანი მეგობრები ვართ. ეს ერთი დიდი ოჯახია, ყველას თავისი ადგილი უჭირავს, ხოლო საერთო მიზანს “ზესტაფონის” წინსვლა ჰქვია.


- რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეთ. ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, ლუკა გუგუჩია, აბაიომი ოვონიკოკო, გურამ სამუშია. ვიცით, რომ კიდევ იქნება ნამატი. რას იტყვით ახალწვეულებზე?
- ისინი უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან, უმაღლეს ლიგაში კარგი თამაშით დაიმსახურეს ჩვენთან გადმოსვლა. ხუთივე ფეხბურთელი გუნდის გასაძლიერებლადაა მოყვანილი და შეკრების პირველივე დღიდან უნდა იგრძნონ, რომ “ზესტაფონის” ცხოვრების ნაწილი არიან.


- ნიკა გელაშვილის წასვლა გადაწყვეტილია. ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს თამაშს ოვონიკოკო და როდის შევა ფორმაში. გამოდის, თავდამსხმელის დამატება დაგჭირდებათ?
- გვყავს ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, საბა ლომია. ვეცდებით, ოვონიკოკოც მალე მოვამჯობინოთ. ცოტაც დავიცადოთ და შემტევ ხაზში პრობლემა არ იქნება.


- გასაგებია. სხვა პოზიციებზე თუ ხედავთ პრობლემებს?
- ისეთ პოზიციას, სადაც სასწრაფოდ გვესაჭიროება ვინმეს დამატება, ვერ ვხედავ. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ რაც შეიძლება, უკეთესი კონტიგენტი გვყავდეს. ეს ყველა გუნდში ასეა.


- “დინამოსთან” მატჩზე (5:1) გკითხავთ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა და თანაბარი თამაშიც იყო, შემდეგ კი... თუ საიდუმლო არაა, შესვენებაზე რა უთხარით ფეხბურთელებს, რა დავალება მიეცით?
- შესვენებაზე სწორედ ეს არ მოვიწონე, რატომ არის თანაბარი თამაში-მეთქი. პირველ ტაიმში ჩვენ გუნდს ეტყობოდა, რომ უფრო ემოციებზე თამაშობდნენ, ვიდრე კონკრეტული გეგმით. სწორედ ამის შეცვლისკენ მივუთითე ფეხბურთელებს, გეგმით და დავალებებით უნდა ემოქმედათ. თანხვედრის ამბავიცაა – არის თამაშები, როცა ყველაფერი გამოგდის, მეტოქეს კი არაფერი. “დინამო” ძლიერი გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ ანგარიში 5:1 ზოგადად “ზესტაფონი”-“დინამოს” ძალთა თანაფარდობას ასახავს.


- თქვენივე სიტყვებით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად “დინამოს” უნდა მიიჩნევდეთ...
- დიახ. “დინამო” სხვანაირად მხვდება ყურში. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ “ტორპედო” და “მეტალურგი” – ორივე ძლიერი გუნდია. არ მინდა, “ზესტაფონის” რომელიმე ფეხბურთელმა ჩათვალოს, რომ ჩემპიონობა განაღდებული აქვს. იქამდე ჯერ შორია. ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, ნახევარი სეზონი წინაა და ჩათვალონ, რომ ნულიდან იწყებენ.


- ბელგიურ “ბრიუგესთან” ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ თქვით, “ზესტაფონს” მეორე ნომრად თამაში არ შეუძლიაო. ახლაც ამ აზრზე ხართ?
- ჩვენთვის მეორე ნომრად თამაში წარმოუდგენელია. განა იმიტომ, რომ ზედმეტი ამბიცია მაქვს და ზემოდან ვიყურები, არამედ, უბრალოდ, “ზესტაფონის” სათამაშო მანერაა ისეთი, რომ ჩასაფრებაზე ვერ ვითამაშებთ, მეტოქის შეცდომებითვის მოცდა ჩვენი სტილი არაა.


- ეს ამასწინათ გამოჩნდა რუსთავში, როცა “მეტალურგს” ხვდებოდით (0:0 დასრულდა). თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაზე გქონდათ აქცენტი, არადა, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან სტუმრად ფრე ცუდი შედეგი არაა. ანუ, გამონაკლისებიც არ არსებობს? მხოლოდ მოგებაზე თამაში?
- არ არსებობს. ახლა მე და თქვენ ადგილები რომ გავცვალოთ, დარწმუნებული ვარ, “ზესტაფონში” მოსვლისთანავე ყველა მატჩში მოგებას დაისახავთ მიზნად. არა მარტო თქვენ, არამედ, ალბათ, ნებისმიერი ადამიანი. როდესაც ხედავ, რომ სათამაშო რესურსი გაქვს და სტილიც შეტევაზეა აგებული, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ მიზანს დაისახავ.


- ასეთი თამაში გულშემატკივარს მოსწონს.
- ვგრძნობ და ძალიან მიყვარს ჩვენი გულშემატკივრები. გულღია, თბილი ქომაგები გვყავს, რომლებიც აქტიურად გვიჭერენ მხარს. ახლა თბილისში ვარ და ძალიან მსიამოვნებს, როცა ადამიანები მოდიან ჩემთან და “ზესტაფონს” აქებენ. მიხარია, რომ სხვადასხვა ქალაქებში გავიჩინეთ გულშემატკივრები. ფეხბურთელებმა ეს თავიანთი თამაშით დაიმსახურეს.


- რატომღაც დარწმუნებული ვარ, “ბარსელონას” გულშემატკივარი იქნებით.
- დიახ, თანაც სტაჟიანი. ახლა “ბარსა” ისე თამაშობს, ლამის ყველა მათი გულშემატკივარია. რომარიო რომ თამაშობდა, ჯერ კიდევ მაშინ ვქომაგობდი “ბარსელონას” და მერე ჩავარდნა რომ დაეწყო, სულ მწყინდა და თან მიკვირდა, რა დაემართათ მეთქი. თურმე, ჩავარდნა კი არა, იმ წლებში მუშაობდნენ, მთელ სისტემას ქმნიდნენ და აი, რამდენი ხანია, შედეგსაც იმკიან. ღმერთმა ქნას, ასეთი სისტემური მუშაობა საქართველოშიც იყოს. “ბარსელონას” კი არ ვედრებით, სისტემურ ჩამოყალიბებაზე ვამბობ. აი, მაგალითად, როგორც ჰოლანდიაში აქვს “აიაქსს”...

 


ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005