გიორგი ჭიაბრიშვილი 3 წლით მარგველთა მესაჭეა
|
გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონელებს კიდევ 3 წელი უთავკაცებს
|
მნიშვნელოვანი სიახლე ზემოიმერულ კლუბში - ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გიორგი ჭიაბრიშვილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმუშავებს.
ორიოდე სიტყვით საქართველოს მოქმედ ჩემპიონთა დამრიგებლის შესახებ:
გიორგი ჭიაბრიშვილი - დაიბადა - 07.10.1979.
ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა "ვაკე-91"-ში დაიწყო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”თ.ს.უ” (თბილისი), ”გორდა” (რუსთავი), ”გურია” (ლანჩხუთი).
გახლდათ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში გამართული შესარჩევი ტურნირის ორ შეხვედრაში ითამაშა.
20 წლის ასაკში გიორგი ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელის კარიერა ნაადრევად დაასრულა და მალევე სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. მუშაობდა ბავშვებთან ს.კ. "საბურთალოში" და თბილისის "დინამოს" აკადემიაში. შემდეგ საფეხბურთო კლუბ "გაგრას" რეგიონალლიგაში მოასპარეზე მეორე გუნდი ჩაიბარა
და პირველივე წელს, გუნდთან ერთად, პირველი ლიგის საგზური მოიპოვა, რასაც მთავარ მწვრთნელად მუშაობის პირველი გამოცდილება მოჰყვა და ახლაგაზრდა მწვრთნელის დამოძღვრილი "გაგრას" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღზევება მოჰყვა.
”ზესტაფონში” გიორგი ჭიაბრიშვილი 2008 წლის ბოლოდან მუშაობს - 2011 წლის აგვისტომდე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ხანმოკლე საქმიანობის შემდეგ, 2011 წლის 1 სექტემბრიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს.
|