"ზესტაფონის" საიტის მეათასე პუბლიკაცია
დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ და ჩვენი საიტის ერთგული მომხმარებლის გარკვეულმა ნაწილმა დადებითი ემოციების მოზღვავება შეუძლიათ შეიგრძნონ. დღეს "ზესტაფონის" ინტერნეტ-საიტზე მეათასე სიახლე (გნებავთ "ნიუსი") დაიდო. შესაძლოა, ციფრი "1000" არაფერია იმ გამოცემებისათვის, რომლებშიც ათეულობით ჟურნალისტი სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიმდინარე პროცესების ყოველდღიური გაშუქებით არის დაკავებული, თუმცა ჩვენი ვებ-გვერდისთვის ეს მიღწევა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. სწორედ ასეთი თავისებური "იუბილეს" გამო თავს მივცემთ უფლებას ეს წერილი დავუკავშიროთ არა კლუბში მომხდარ რაიმე ახალ ამბავს, არამედ ზოგადად მიმოვიხილოთ განვლილი პერიოდი და ცოტაც "ფილოსოფიას მივეცეთ".
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი საიტი, რომელმაც ფუნქციონირება 2005 წლის ოქტომბერში დაიწყო, გარდა იმისა, რომ იყო საფეხბურთო კლუბის პირველი საიტი დასავლეთ საქართველოში, ამასთან გახლდათ საერთოდ პირველი "ინტერნეტ-გარღვევა" (თანაც საქართველოში პირველი სამენოვანი!) საქართველოს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენი საიტის ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო და დღემდე გრძელდება საფეხბურთო "საიტომანია". მეტიც, საფეხბურთო კლუბისათვის საკუთარი "ინტერნეტ-ტრიბუნის" შექმნა ქართულ საფეხბურთო ოჯახში უკვე "კარგ ტონად" ითვლება...
ამ პერიოდის მანძილზე ჩვენი საიტის სტუმარს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიერ შიდა თუ ევროპულ ასპარეზზე გამართულ 317 ოფიციალურ და 100-მდე ამხანაგურ შეხვედრაზე ვუამბეთ, ჩვენს ქომაგს მრავალჯერ გავაცანით კლუბისა და გუნდის საფიქრალი და გეგმები, წარვუდგინეთ მრავალი ფეხბურთელი, ერთად განვიცადეთ არაერთი მარცხი და ერთად, ბევრ სხვადასხვა მნიშვნელობის გამარჯვებასთან ერთად, ვიზეიმეთ ჯერ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის დაუფლება, შემდეგ ევროპულ არენაზე მოპოვებული პირველი წარმატებები, ხოლო 2011 წელს - ქვეყნის უძლიერესი გუნდის ნანატრი ტიტულის მოპოვება.
არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" თავის შვიდწლიან გზაზე მძიმე წუთებიც ჰქონია ... 2010 წლის 1 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გენერალური დირექტორი, ბატონი დავით აბაშიძე დაკარგა. დაკარგა ადამიანი, რომელიც მართლაც რომ უპირველესი მოამაგეთაგანი იყო კლუბისა და თავისი ქალაქის... "ზესტაფონს" ერთგული გულშემატკივრებიც დაუკარგავს და ამის მიზეზი გუნდის მიერ განცდილი მარცხიც ყოფილა და მის მიერ მოპოვებული გამარჯვებაც ...
დიდი მადლიერების გრძნობით გვინდა ვახსენოთ ჩვენი გულშემატკივრები! ძალიან გვეამაყება, რომ სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ზურგს ქომაგთა დიდი არმია უმაგრებს - სასიამოვნოა, რომ "ფეროელებს" ქომაგობენ არა მარტო ზესტაფონში, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მარგველთა კლუბის მიმართ დიდ სიმპატიას აღმოაჩენთ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კლუბში მოსულ ელექტრონულ თუ საფოსტო გზავნილებში...
ჩვენი ქომაგი გუნდისადმი თავის სიყვარულს ხსნის იმით, რომ "ზესტაფონმა" ეს გრძნობა პირველივე დღიდან ფეხბურთის სუფთად თამაშით, მთელი კლუბის თავდაუზოგავი შრომითა და თავდადებით, მხოლოდ პატიოსანი გზით ავტორიტეტისა და ტიტულების მოპოვებით დაიმსახურა. ჩვენთვის ეს ძალიან საამაყო და ამაზე მეტად საპასუხისმგებლო "ტვირთია". ასეთ უანგარო პატივისცემას ხომ გაფრთხილება, ხოლო ქომაგის იმედებს გამართლება სჭირდება ...
აბა როგორ არ გავიხსნეოთ ყველა ის ფეხბურთელი და საფეხბურთო მოღვაწე, ვისაც ჩვენი კლუბისთვის უშრომია და ჩვენი გულშემატკივრის გული გაუხარებია! საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საიტს გაუშუქებია ზურაბ იონანიძის, კახა ჩხეტიანის, გიორგი თურმანიძის, გიორგი და "პაჭელო" ჭელიძეების, როინ ონიანის, ჟილვან გომეს ვიეირას, უჩა ლობჟანიძის, ბექა გოცირიძის და კიდევ მრავალი სხვა ფეხბურთელის ღირსეული ასპარეზობა ჩვენი გუნდის რიგებში. ყველა ამ პიროვნებამ თავის წარუშლელი კვალი დატოვა ზემოიმერული კლუბის ისტორიის წიგნის ფურვლებზე...
ჩვენი გუნდი დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას - "ზესტაფონი" ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს, წარმატებით ასპარეზობს ეროვნული თასის გათამაშებაში, გაზაფხულზე მას ელის ბრძოლა სუპერთასისთვის, გუნდში განახლებისა და გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ... თუმცა, არავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით, რომ მთავარი გამოწვევები მარგველებს ევროპულ ასპარეზზე ელოდება. ნამდვილად აღარაა შორს ის დრო, როდესაც ჩვენი კლუბი ევროპული თასების ჯგუფური ეტაპის აქამდე მიუწვდენელ კარს შეაღებს და მთელ საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს!
განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესი გარდაუვალია ჩვენს ინტერნეტ-გვერდზეც, რომელიც ვალდებულია ფეხი აუწყოს ჩვენი გულშემატკივრის სულ უფრო და უფრო მზარდ მოთხოვნებსა და მათ დახვეწილ გემოვნებას. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საიტის ადმინისტრაცია მომავალშიც ეცდება საინტერესო ფორმით უამბოს "ფეროელთა" და ზოგადად ქართული ფეხბურთის მოყვარულებს ჩვენი გუნდის ყოფის შესახებ ...
ჩვენი ინტერნეტ-გვერდის ყველა მკითხველს, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
|